Logo

ეროვნული თვითმმართველობა

( ამომრჩეველთა კავშირი )

??
წევრი 0002
მხარდამჭერი 0002
LIVE
KA EN FR
შესვლა / წევრად რეგისტრაცია

1.1 საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებაში არსებულმა რეალობამ - ქვეყანაში არ ფუნქციონირებს არც ერთი რეიტინგული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება ენდობა, რომლისაც სწამს და სჯერა.

1.2 ქვეყანის მოსახლეობის, ქართველი ერის ინტერესების გამომხატველი და თანმიმდევრულად გამტარებელი მაღალრეიტინგული პოლიტიკური ძალა არ არსებობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უწევს ცუდს და კიდე უფრო ცუდს შორის.

1.3  საქართველოში დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველობის არ არსებობამ. ფაქტიურად, ვერც ვირჩევთ და ვერც ვაკონტროლებთ, პასუხს ვერ ვთხოვთ. ქვეყანაში არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს დანერგილი დემოკრატიული მმართველობა შიგნით, პარტიულ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ბოლო წლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევის შემდგომ, ქვეყანაშიც არ ყოფილა დემოკრატიული მმართველობა. ანუ

ა) კარგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფსევდო, მოჩვენებით დემოკრატიას, სინამდვილეში ვიღებდით ერთი ლიდერის პარტიას და მმართველობას.

ბ) ჩვეულებრივ, ვიღებდით დიქტატურის და ანარქიის ნიშნებით, ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით გაჯერებულ ქაოსურ მმართველბას.

გ) ხოლო უარეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საზოგადოების მოსატყუებლად, ფასადად დეკლარირებულ, დემოკრატიულ ღირებულებებს ამოფარებულ დესპოტიზმს, ტირანიას საკუთარი ხალხის მიმართ და კრიმინალურ მმართველობას.  

2.1 საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მყარი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
2.2 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერ პირობებში და მუდმივად;
2.3 ეროვნული ინტერესების და პრიორიტეტების განსაზღვრა საზოგადოებრივი ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. ეროვნულ ინტერესში შედის ყველაფერი, რაც სახელმწიფოს განვითარების მიზნების მიღწევასა და საკუთარი უსაფრთხოებისათვის საჭიროდ მიაჩნია;
2.4 ეროვნული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება ქვეყნის მმართველობის ყველა დონეზე — ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტაში ამომრჩეველთა მუდმივი მონაწილეობა, რათა ერი უმრავლესობით, შესაბამისი მექანიზმებით, თვითონ წყვეტდეს და აკონტროლებდეს ვინ, როდის და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის განსავითარებლად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად;
შედეგად:
2.5 სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრება და სრულყოფა;
2.6 ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავსებადობა და ჰარმონიზაცია ქართველი ერის ისტორიულ, სოციალურ-კულტურულ, ტრადიციულ, რელიგიურ თვითმყოფადობასთან და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
2.7 ქართველი ერი — ადამიანთა სოციალური, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური ერთობის ფორმაა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა და რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები. საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა. ჩვენი მიზანია დაცული იყოს თითოეული ეთნიკური ჯგუფის ინტერესები და გადაიჭრას მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები;
2.8 ქართველი ერის გაერთიანება და ერთსულოვნების დამკვიდრება, დემოკრატიული და ზნეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით;
2.9 საქართველოს ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად და დასაცავად, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ერის კულტურის, ისტორიის, თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციების მაღიარებელი და მხარდამჭერი ადამიანების და ადამიანთა ჯგუფების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათზე მუდმივი ზრუნვა;
2.10 ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვა. ქართული, როგორც სახელმწიფო ენის სიწმინდეზე ზრუნვა და მისი განვითარების უზრუნველყოფა;
2.11 თითოეული ადამიანის მაღალზნეობრივი აღზრდის, სულიერი ღირებულებების დაცვის, თვითგანვითარების, თვითგამოხატვის და საკუთარი უნარების რეალიზების შესაძლებლობების უზრუნველყოფა ცხოვრების მაღალი დონისა და ხარისხის საფუძველზე;
2.12 დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
2.13 ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ცოდნის ეკონომიკის დამკვიდრება:
2.13.1 ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის, რესურსების (ადამიანური, ბუნებრივი და სხვა) მაქსიმალურად გამოყენება ეკონომიკური პოტენციალის და შედეგად, ეკონომიკის გაზრდის მიზნით, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაში და კეთილდღეობის ამაღლებაში უნდა გამოიხატოს;
2.13.2 საქართველოში წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე;
2.13.3 ქვეყნის შიდა ბაზრის შექმნა და დაცვა;
2.13.4 ეროვნული ვალუტის — ქართული ლარის კონვერტირებად ვალუტად გადაქცევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
2.13.5 საქართველოს საგარეო ვაჭრობის დადებითი სალდოს, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრის, ასევე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და მისი კონვერტირებადობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, მიღწევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
2.13.6 მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების და ინსტიტუტების შექმნა და განვითარება;
2.14 რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დაცვის, განხორციელების და განვითარების მიზნით.